ხშირად დასმული შეკითხვები

„ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ არის პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს, გაიგოს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება.

ონლაინ პლატფორმაში ასახული შეკითხვების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ ვიშეგრადის ქვეყნების (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) ექსპერტები, საქართველოში სხვადასხვა პროფილით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. პარტიებისადმი საკუთარი კითხვების დასმის საშუალება მოქალაქეებს მიეცათ სოციალური ქსელის საშუალებითაც. პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო.

„ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ არის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ეყრდნობა ვიშეგრადის სამი ქვეყნის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) გამოცდილებას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

„ონლაინ ხმის მრიცხველი“ დაეხმარება ამომრჩეველს:

  • პოლიტიკური პარტიის პროგრამის შესახებ ინფორმაციის კომპაქტურად მიღებაში - მაშინ, როდესაც პარტიების პროგრამები უფრო და უფრო რთული და კომპლექსური ხდება, ამომრჩევლისათვის რთულია, იპოვოს პარტია ან კანდიდატი, რომელიც მისთვის მისაღებ შეხედულებებს იზიარებს. ინფორმაციის კომპაქტური და გასაგები სახით წარმოდგენა, რასაც გვთავაზობს ეს აპლიკაცია, ეხმარება ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინაც კი, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური პარტიების პლატფორმების ზედმეტად გამარტივების ხარჯზე. ეს ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა აქტიურობის ზრდას და პოლიტიკური განათლების დონის ამაღლებას მოსახლეობაში;
  • ამომრჩეველი ინფორმირებულია სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ განსახვავებული პარტიების პოლიტიკური პროგრამების და პოზიციების შესახებ და მკაფიოდ ხედავს განსხვავებას მათ შორის;
  • ზრდის პარტიების ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე, რადგან ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, კარგად შეაფასოს და შეადაროს - პარტიის მიერ დეკლარირებული პოზიცია და რეალური ქმედება მომავალში პარლამენტში აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ეხმარება ამომრჩეველს, რომელსაც არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება და გაურკვეველია საკუთარ პოზიციაში, ჩამოყალიბებაში;
  • აპლიკაციაში ასახული კითხვებით პოლიტიკური პარტიები ეცნობიან ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულ და საინტერესო საკითხებს და შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ისეთ საკითხებზე გაამახვილებინოს ყურადღება პოლიტიკურ პლატფორმასა და პროგრამაში, რაც აქამდე ასახული არ ჰქონია;
  • ზრდის სამართლიანობას და პარტიებს შორის შეჯიბრებითობას არჩევნებზე.

აპლიკაცია ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, განურჩევლად ასაკისა, რომელიც გამოხატავს აღნიშნული კითხვარის შევსების სურვილს.

ყველა კითხვაზე პასუხების გაცემის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება დიაგრამა. ის პროცენტულად აჩვენებს პირს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური პროგრამა და ხედვა შეესაბამება ამომრჩევლის პოზიციას ყველაზე მეტად. გარდა ამისა, ცალკე ფანჯარაში აპლიკაცია ანახებს ადამიანს ყოველ კითხვაზე პარტიის მიერ გაცემულ პასუხს, რომელზე დაჭერისას გამოჩნდება პარტიის კომენტარი, პოზიცია თუ ამონარიდი საარჩევნო პროგრამიდან.

პოლიტიკურ პარტიებს კითხვარის შევსებისას ჰქონდათ სრული თავისუფლება კონკრეტულ კითხვაზე პასუხის დაფიქსირებასთან ერთად, კონკრეტულ საკითხზე აესახათ საკუთარი კომენტარი/პოზიცია მათივე პოლიტიკურ პროგრამაზე დაყრდნობით, ისეთი ფორმით და მოცულობით, როგორაც საჭიროდ ჩათვლიდნენ. ზოგიერთმა პარტიამ რამდენიმე კითხვა კომენტარის გარეშე დატოვა, რადგან თვლის, რომ აღნიშნულ საკითხებში მათი პარტია საკმაოდ ამომწურავად პოზიციონირებს და ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებს. ზოგიერთ პარტიას კი არ აღმოაჩნდა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულ საკითხებზე პოზიცია.

  • ეკა ბესელია — პ.პ. „სამართლიანობისთვის“
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „ლელო საქართველოსთვის“
  • „გირჩი“
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • „ევროპული საქართველო“
  • „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“
  • „არჩევანი სამშობლოსათვის“
  • „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“
  • „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“
  • „რეფორმერი“
  • რესპუბლიკური პარტია
  • ქართული ოცნება

მოცემული აპლიკაციის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. აპლიკაციაში დაფიქსირებული პასუხები და შედეგები ვერ გამოიყენება, როგორც სტატისტიკა, რადგან მასში მონაწილეობისთვის მოქალაქეები არ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას და რაიმე ფორმით აპლიკაციაში რეგისტრაციას. აპლიკაცია გახსნილია ყველა მოქალაქისთვის და მასში მონაწილეობა შეუზღუდავია. ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის ინფორმირებას აქტიური პოლიტიკური სუბიექტების პოლიტიკური პროგრამის და დღის წესრიგის შესახებ.

აპლიკაციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, შეუზღუდავად, პიროვნების იდენტიფიცირების და ასაკის მითითების გარეშე. კითხვარზე წვდომა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე. შესაბამისად, აპლიკაციაში მონაწილეობა ანონიმურია და შეუძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება და მასზე ინფორმაციის მოპოვება.

ფონდი „სოხუმი“ არის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან მუშაობს დასავლეთ საქართველოში გენდერული თანასწორობის, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართვის ხელშეწყობის მიმართულებით. ორგანიზაციას აქვს პოლიტიკური პარტიების დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს წინასაარჩევნოდმოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით. ორგანიზაციამ 2008 წელს გამოსცა „საარჩევნო გზამკვლევი“ (პოლიტიკური პარტიების საპროგრამო დოკუმენტების კრებული) ფს აქტიურად გაავრცელა მოსახლეობაში - საინფორმაციო შეხვედრებისა თუ მრგვალი მაგიდების ორგანიზებით უზრუნველყოფდა დიალოგს მოსახლეობისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. 2006 წლიდან, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკური პარტიების „ქალთა ფრთის“ წარმომადგენლებთან, მათი როლის გაძლიერების და პოლიტიკურ პროგრამებში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და ქალთა პრიორიტეტების და საჭიროებების გათვალისწინების ხელშეწყობის მიზნით.

 

დაბეჭდვა