„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ შესახებ
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, საერთაშორისო ორგანიზაცია Kvinna Till Kvinna-ს მხარდაჭერით, ახორციელებს ევროპაში წარმატებული მოდელის - ონლაინ „ხმის მრიცხველის“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის (Voter Advice Application) დანერგვას ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირების მიზნით.
(აპლიკაციის დანერგვა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის)
„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს, აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, იგივე კითხვაზე ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება.
მიმდინარე ინოვაციური პროექტის პირველ გამოცდილებას წარმოადგენდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ონლაინ ხმის მრიცხველის დანერგვა, რაც დაეფუძნა ვიშეგრადის ქვეყნების - ჩეხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის გამოცდილებას (მოხდა შესწავლა, თუ რა როლს ასრულებს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და აქტიურობის გაზრდის საქმეში ევროპაში და კერძოდ, ვიშეგრადის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული ონლაინ პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის (კონსულტაციის) აპლიკაცია“ (Voter Advice Application), რის შემდეგაც 70 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა პლატფორმით, რათა მიეღო ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.
აპლიკაციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიები:
- „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორტისტული პარტია“;
- „გირჩი“;
- „ლელო საქართველოსთვის“;
- „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“;
- „ევროპული საქართველო“;
- მ.პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.